გაიზრდება თუ არა არსებითად სიკვდილიანობა საქართველოში 2020 წელს?

ყველაზე ცუდი სცენარის ანალიზი სოციალური დისტანცირების მნიშვნელობას გვახსენებს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ (60 ათასზე მეტი გარდაცვლილი 5 აპრილის მდგომარეობით, გაორმაგება ყოველ 5.5 დღეში ფიქსირდება),მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარები, რომელთა წინაშეც ქვეყნები შესაძლოა მომდევნო კვირებსა და თვეებში აღმოჩნდნენ, უფრო და უფრო მეტი განხილვის საგანი ხდება.

დღემდე, საქართველო ვითარების ეფექტიანად მართვისა და, ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკის შენარჩუნებისთვის ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე დისკუსიებში მხოლოდ ქებას იმსახურებდა (5 აპრილის მონაცემებით მხოლოდ ორი გარდაცვლილი, რომელთაც სერიოზული თანმხლები დაავადებები ჰქონდათ). სხვა თუ არაფერი, საქართველომ მომავლისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი დრო მოიგო.

ხელისუფლების სწრაფი რეაგირება და ინფიცირებულთა კონტაქტების აქტიური მოძიება (რაც თბილისში დაარსებული ლუგარის კვლევითი ცენტრის შესაძლებლობების წყალობით საგრძნობლად გაიოლდა), როგორც ჩანს, ჯერჯერობით წარმატებულია. მიუხედავად ამისა, სოციალური დისტანცირების დადგენილი ზომების მასობრივად დაცვა ქვეყნის შიდა უკონტროლო გავრცელების ფაზაში გადასვლის კვალდაკვალ დაავადების აფეთქების შესაკავებლად გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

28 მარტს ინფიცირებულთა რაოდენობამ ოთხმოცდაათს მიაღწია. ამავე დღეს ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ რადგან სამი ახლად დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია, შიდა გავრცელების პრეცენდენტების გაჩენის ალბათობა მკვეთრად გაიზარდა. 2 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, რასაც მათი ფულთან კონტაქტის შედეგად ინფიცირების დაშვება მოჰყვა. კარანტინში მყოფთა მზარდი რიცხვი (რაც 5 000-ს აჭარბებს) მთავრობის მცდელობას, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების იდენტიფიცირება მოახდინოს, უკვე, ერთი შეხედვით, სიზიფეს შრომად აქცევს.

ქვეყანაში ვირუსის შიდა,უკონტროლო გავრცელებასთან ერთად ჩნდება კითხვა, თუ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში. ამ შემთხვევაში დაავადების აფეთქების საქართველოს მოსახლეობის სიკვდილიანობის ზრდაზე შესაძლო ზეგავლენით დავინტერესდი – ყველაზე ცუდი სცენარის განვითარებისას, როგორი შეიძლება იყოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში 2020 წელს და როგორ განსხვავდება ის ჩვეულებრივი წლის (2018) სიკვდილიანობის მაჩვენებლისგან?

დღეისთვის არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ასაკი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტების ლეტარული გამოსავლის რისკის ერთ-ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) ძირითადი ფაქტორია.

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, COVID-19-თან მიმართებაში ასაკი დაავადების კრიტიკულად გამწვავების ძირითად რისკ-ფაქტორს მიაკუთვნა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ 65 წელს გადაცილებული პირები არიან. ხანდაზმულებს ინფექციასთან ბრძოლა მეტად უჭირთ, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ინფექციის ამოცნობასა და გამოდევნაზე პასუხისმგებელი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა და ეფექტიანობა მცირდება. რისკი ახალგაზრდებშიც არსებობს, თუმცა, გაცილებით დაბალია.

Gallup, 11 Million in U.S. at Serious Risk If Infected With COVID-19

უნდა ჩავთვალოთ თუ არა, რომ ხანდაზმულები კორონავირუსის პანდემიის დროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის უფრო მკვეთრი ზრდის წინაშე აღმოჩნდებიან ვიდრე ახალგაზრდები? გამოთვლები გვაჩვენებს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას რამდენიმე ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ.


ძირითადი მიგნებები:

  • მოვლენების ნებისმიერი სახით განვითარების მიუხედავად, ყველა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის თითქმის ერთნაირი რისკის წინაშე დგანან.
  • ყველაზე ცუდ, თუმცა რეალურ სცენარში, ჩვეულებრივ წელთან შედარებით, 2020 წელს ქართველი ახალგაზრდების სიკვდილის ალბათობა ორჯერ უფრო მეტია.

არსებული მოდელი საქართველოს დემოგრაფიულ მონაცემებსა (ჩვეულებრივ წელს სიკვდილიანობის მაჩვენებლის განსასაზღვრად) და ჩინეთში COVID-19-ის მსხვერპლთა შესახებ მონაცემებს (შერჩევის მოცულობა: 44, 672) ეფუძნება. ვუშვებთ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის, მკურნალობის ხელმისაწვდომობის და სხვა ფაქტორების სხვაობათა გათვალისწინებით საქართველოში ეპიდემიის გავრცელებისას ფატალურობის არსებული საშუალო მაჩვენებელი ჩინეთში არსებულისგან განსხვავდება. უფრო მეტიც, არსებული მოდელი მხედველობაში იღებს მზარდ კონსენსუსს, რომ მასობრივი ტესტირების არარსებობის გამო ინფიცირების თითქმის ნახევარი არ რეგისტრირდება (მაგალითად, ასიმპტომატური ინფიცირების შემთხვევები).

პანდემიასთან საბრძოლველად ყველაზე ცუდი სცენარი ჯოგური იმუნიტეტის მიდგომას გვთავაზობს, რისთვისაც მსოფლიო მოსახლეობის 60%-ის ინფიცირებაა საჭირო. ამ სტრატეგიის მიზანი ვირუსის გავრცელების მყისიერი შეწყვეტის ნაცვლად, მისი შენელებაა(„მრუდის გასწორება“). ეს მიდგომა ემყარება თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის სისტემისა და ეკონომიკის სრული კოლაფსის თავიდან აცილების პარალელურად, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა მზარდი რიცხვი ვირუსის გავრცელებას ბუნებრივად შეამცირებს:

თუ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს, საბოლოოდ, იმდენად ბევრი ადამიანი დაინფიცირდება და (გადარჩენის შემთხვევაში) გამოიმუშავებს იმუნიტეტს, რომ დაავადების გავრცელება თანდათანობით თავისით შეწყდება, რადგან ბაქტერიას მიმღები ორგანიზმის პოვნა უფრო და უფრო გაუძნელდება.

MIT Technology Review, What is herd immunity and can it stop the coronavirus?

ევროპაში, COVID 19-ის გავრცელების პირველ დღეებში, ჯოგური იმუნიტეტის მეთოდი ზოგიერთი ხელისუფლებისთვის (განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ბრიტანეთზე), როგორც შესაძლო გამოსავალი მოახლოებული კატასტროფიდან, მისაღები აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ მიდგომას მარტივი მიზეზის გამო მაშინვე მწვავე კრიტიკა მოჰყვა: მოვლენათა ამგვარი განვითარებისას დაღუპულთა რიცხვი ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ მისი გამართლების უნარი არც ერთ დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას არ შესწევს.

ჩავთვალოთ, რომ 1 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის 60% (2,2 მილიონი) ინფიცირდება. არსებული გამოთვლებით, დაავადებულთა თითქმის ნახევარი ასიმპტომურია. დარჩენილ შემთხვევათაგან ჰოსპიტალიზაციას დაახლოებით 20% (საქართველოს 220 000-ზე მეტი მოქალაქე) დაექვემდებარება, 5%-ს (55 000-ზე მეტი) კი, ინტენსიური თერაპია დასჭირდება – ყველაფერი ეს ერთდროულად, სულ რამოდენიმე თვის განმავლობაში მოხდება. მოვლენათა ამგვარ განვითარებას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, დიდი ალბათობით, ვერ გაუძლებს, რასაც მივყავართ დასკვნამდე, რომ ფატალურობის საერთო მაჩვენებელი ჩინეთთან შედარებით (სადაც რეგისტრირებულთა 2,2% გარდაიცვალა), ორჯერ უფრო დიდი იქნება და უფრო ახლოს მივა იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის და მსგავს ქვეყანათა ამჟამინდელ მაჩვენებელთან. ამ სცენარის განვითარებას ქვეყანაში ჯანმრთელობის არახელსაყრელი პირობებიც უწყობს ხელს, მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის მიერ ანტიბიოტიკების დიდი რაოდენობით მოხმარება (ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის მაღალი დონე) და მწეველთა რიცხვის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი მსოფლიოში. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიის გავრცელების ადრეულ სტადიაზე პროგნოზირება რთულია და მიღებული მაჩვენებლები, შესაძლოა, მომდევნო კვირებსა და თვეებში მნიშვნელოვნად შემცირდეს.

სცენარის ასეთი დრამატული განვითარება ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდასთან მიგვიყვანს, როგორც ამას ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა აჩვენებს (მიღებული შედეგების მეთოდოლოგია იხ. პოსტის ინგლისურ ვერსიაში):

მარცხნივ: საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში: ლურჯი ფერი ასახავს ჩვეულებრივ წელს (2018 წლის მონაცემები), წითელი – 2020 წელს, პანდემიის გავრცელების ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში.
მარჯვნივ: 2020 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა (პროცენტებში) Covid-19-ის გავრცელების ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში. შავი სვეტები სტატისტიკურ ცდომილებას (uncertainity) ასახავს (ნდობის ინტერვალი: 95%).

როგორც ვხედავთ, ჩვეულებრივ წელთან შედარებით, ყველა ასაკობრივი ჯგუფის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 100%-ით იზრდება (დიაგრამიდან ამოღებულია 20 წლამდე ასაკის პირთა მაჩვენებელი, რადგან ამ ასაკის ჯგუფის გაზომვისას სტატისტიკური ცდომილება (uncertainity) მაღალია). როგორც ხედავთ, განსხვავება თითქმის არ არის, მაგრამ თუ მონაცემებს ჩავეძიებით, როგორც ჩანს, 20-30 წლისა და 60-70 წლის ასაკობრივ ჯგუფში მყოფ პირებს მაჩვენებლის ყველაზე მაღალი ზრდა უფიქსირდებათ, ხოლო 40-50 წლისა და 80-90 წლის კატეგორიაში მყოფი პირებისთვის მაჩვენებელი ზომიერად იზრდება. რამდენიმე წყაროს სტატისტიკური ცდომილების (uncertainity) გათვალისწინებით, თავი შევიკავოთ აღნიშნულის ფაქტად მოხსენიებისგან (იხ. მსჯელობა მეთოდოლოგიის აღწერაში ინგლისურენოვან პოსტში). მნიშვნელოვანი მესიჯი დროულად გაჟღერდა ბლოგპოსტში ბრუკინგსის ინსტიტუტის ვებგვერდზე:

ჩინეთში, COVID-19-ით გამოწვეული გარდაცვალების 50%-ზე მეტი 70 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა უმეტესობა 70 წელზე ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ახალგაზრდებმა აღნიშნული მიიღეს ისე, თითქოს ვირუსზე არ უნდა ედარდათ. სიფრთხილისკენ ძირითადად ასაკოვნებს მოუწოდებდნენ. მართალია,ახალგაზრდების გარდაცვალების ალბათობა COVID-19-ისგან ასაკოვნებთან შედარებით დაბალია, მაგრამ მათი გარდაცვალების ალბათობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა სხვა რისკის შემთხვევაშიც დაბალია. [გამოყოფილია ჩემ მიერ – ლ.ჰ.]

Katharina Fenz and Homi Kharas, A mortality perspective on COVID-19: Time, location, and age

ამ უბრალო ფაქტს საშუალო ვადაში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში შესაძლოა ეთიკური მნიშვნელობა გააჩნდეს. თუ მკაცრი ზომები დაავადების პირველი ტალღის შეკავებაში წარმატებულია, როგორი უნდა იყოს შემდეგი სტრატეგია ვაქცინის შექმნამდე? ცხადია, სოციალური დისტანცირების არსებული მასშტაბის შენარჩუნებას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიზნად ვერ დავისახავთ. ერთ-ერთი გამოსავალი, რომლის მომხრეთა რიცხვიც უფრო და უფრო იმატებს, სამუშაო ასაკის მქონე პირთათვის ცხოვრების თანდათანობით ნორმალიზებაა, რომლებიც პანდემიის ძირითად დარტყმას მიიღებენ, ხანდაზმულები კი, სოციალურ დისტანცირებას განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიდგომა სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით გონივრულია (განსაკუთრებით მაშინ, თუ მოვლენათა განვითარების ყველაზე სცენარს შევადარებთ), შესაძლოა ახალგაზრდა თაობების ხანდაზმულებთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებლის არაპროპროციული ზრდით დასრულდეს.

რეალურად, არც ერთ სახელმწიფოსა თუ რეგიონში ზემოთ აღწერილი კატასტროფული სცენარი ჯერ არ განვითარებულა. ვუჰანის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქშიც კი (11 მილიონი მაცხოვრებლით), სადაც აქამდე ახალი კორონავირუსი პირველად გავრცელდა, ვირუსის გავრცელების აღკვეთის დროისათვის მოსახლეობის მხოლოდ 0,5% იყო ინფიცირებული. თუ ინფიცირების მეორე ტალღა არ დაიწყება, ვუჰანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მხოლოდ 2%-ს მიაღწევს (ეს იმ შემთხვევაში, თუ შეგვიძლია ვენდოთ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს. თუმცა უკვე ჩნდება მასალა, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა რიცხი გაცილებით უფრო მაღალია და 30% აღწევს). ყველაზე ცუდი სცენარი, ცალსახას ხდის სოციალური დისტანცირების სასიცოცხლო მნიშვნელობას. 2020 წელს სოციალურმა დისტანცირებამ მხოლოდ საქართველოში, შესაძლებელია, 50 000 სიცოცხლე იხსნას სიკვდილისგან.

ამ ეტაპზე, პანდემიის საბოლოო მასშტაბის წინასწარ განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, გარდაცვლილთა შესაძლო რაოდენობის მიუხედავად, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ერთნაირად დაცვის შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ნებისმიერი ზრდა ყველა ასაკობრივ ჯგუფზე თანაბრად აისახება.

მეთოლოგიის სანახავად, გთხოვთ, იხ. სრული ორიგინალი ბლოგპოსტი ინგლისურად.

გამოთვლებისა და source code-ის სანახავად იხ.: https://github.com/lo-hfk/covid-in-georgia

ტექსტი თარგმნილია ინგლისურიდან სალომე ჩხაიძის მიერ. ტექსტის რედაქტირებაზე იმუშავეს ქეთი ქანთარიამ და ნათია ლურსმანაშვილმა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.