საქართველო ევროკავშირის „მწვანე ზონის“ ფარგლებს გარეთ

გაზაფხულზე კორონავირუსის პირველი ტალღის შეკავების შემდგომ, საქართველო ამჟამად, მეტ-ნაკლებად ნორმალიზებულ პირობებში, ეპიდემიის ფართომასშტაბიანი აფეთქების საშიშროების წინაშე პირველად დგას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს კოვიდ-19-თან ბრძოლაში საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმატების ამბავს.

დამსვენებელთა გამორჩეულად საყვარელ ქალაქში, ბათუმში, საკონდიტრო მაღაზიაში ვირუსის ფართოდ გავრცელების შემთხვევას, სექტემბრის პირველ ნახევარში ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ვირუსის გამოჩენა მოჰყვა. ყოველდღიურ ახალ შემთხვევათა რაოდენობა ექსპონენციურად გაიზარდა – აგვისტოში 10 ყოველდღიური შემთხვევიდან რიცხვმა თითქმის უკვე 176-ს მიაღწია (16 სექტემბრის მდგომარეობით).

სექტემბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ახალ შემთხვევათა რაოდენობა ორმაგდებოდა თითქმის ყოველ სამ დღეში. ასეთი ზრდის ტემპი აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მარტში ფიქსირდებოდა.

ამ ტალღამ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს, როგორც კორონა ვირუსისგან თითქმის თავისუფალი ქვეყნის სტატუსზე. მაგალითისთვის, საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთს იმ მცირე ქვეყანათაგან, რომლისთვისაც ევროკომისიამ კორონასთან დაკავშირებული, მოგზაურობების შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული შუქნიშნის პრინციპის მიხედვით, ქვეყანა „მწვანე ზონად“ ითვლება თუ:

  • 100 000 მოსახლეზე შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა განვლილი 2 კვირის განმავლობაში 25-ს არ აჭარბებს, და
  • კოვიდ -19-ზე ჩატარებული ტესტების 3%-ზე მეტს ვირუსი არ დაუდასტურდება.

15 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველო ვერ აკმაყოფილებს პირველ კრიტერიუმს და „ნარინჯისფერ ზონაში“ ხვდება. დღეს, 14 დღის ინციდენტობის მაჩვენებელმა 100 000 მოსახლეზე 32.5-ს მიაღწია. მწვანე ზონაში ხელახლა მოსახვედრად საჭიროა საქართველოში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საშუალოდ, ყოველდღიურად 66-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა დადასტურდეს. თუ მოცემულ ეპიდემიურ ტენდენციას გავითვალისწინებთ, სცენარის ამგვარი განვითარება თვის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველო „მწვანე ზონაში“ რჩება. შეუსაბამობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, სხვაგვარი ზღვრებით, მცირედით განსხვავებულ საზომს იყენებენ.


შერჩეული ქვეყნებისთვის 14 დღის შუალედში კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი. საქართველო აღნიშნულია წითელი ხაზით. წვრილი, ნაცრისფერი ხაზებით აღნიშნულია ქვეყნები სამ მილიონზე მეტი მაცხოვრებლით. მწვანე არე შეესაბამება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ „მწვანე ზონას“. [დაუმუშავებელ მონაცემთა წყაროები: https://covid.ourworldindata.org/data/owid-covid-data.csv (ერთ სულ მოსახლეზე დღიურ შემთხვევათა რაოდენობა ყველა ქვეყნისთვის, ეფუძნება დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებს), საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (საქართველოს შემთხვევათა რაოდენობის დასადგენად) და საქსტატი (საქართველოს მოსახლეობის რიცხოვანების უახლესი მაჩვენებლის დასადგენად).].

თუმცა, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ზრდის ტემპი მეტ-ნაკლებად შენელდა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიცა და პრემიერ მინისტრიც საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. იმავდროულად, მთავრობამ კვლავ დააწესა შეზღუდვა მრავალრიცხოვან შეკრებებზე, ორი კვირით გადადო სასწავლო წლის დაწყება და მოქალაქეებს მოუწოდა ნიღბის ტარებას უფრო მეტი ყურადღებით მოჰკიდებოდნენ.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისწინა პერიოდი მთავრობისთვის არსებულ მდგომარეობას მეტად დელიკატურს ხდის. გაზაფხულზე კორონავირუსის აფეთქების შეკავებაში საქართველოს წარმატება ქართული ოცნებისთვის საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა გახდა. მომდევნო ორი კვირა, სავარაუდოდ, მთავრობის კორონავირუსის კრიზისთან გამკლავების ამბავის ბედს გადაწყვეტს.

ფართომასშტაბიანი გავრცელების შემთხვევებით გამოწვეული ვირუსის მძლავრი აფეთქების შეკავება შეუძლებელი არ არის, ისეთი ინტენსიური შეზღუდვების დაწესების გარეშეც კი, როგორიც კომენდანტის საათია. ამას მოწმობს კორეის შემთხვევა – დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (KDCA) მარტში, როდესაც ეკლესიაში დაახლოებით ათასი მორწმუნისთვის ვირუსის გადადებას ეპიდემიის მძლავრი აფეთქება მოჰყვა, მისი ეფექტიანად მართვა და შეკავება შეძლო. კორეის წარმატების მთავარი მიზეზი კონტაქტების მომძიებელ პირთა არმიაა, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ არამარტო ტრადიციული, არამედ მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მექანიზმებითაც.

მარინა ეზუგბაიას ყოველდღიური ბრიფინგებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაუდგენელი წყაროთი გადაცემულ ახალ შემთხვევათა წილი სტაბილურად, ყოველ დღე 5-20%-ს შეადგენს. ეს რიცხვები, კორეაში ეპიდ-აფეთქების ყველაზე მწვავე პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (KCDC) მიერ გამოქვეყნებულ რიცხვებზე უფრო დაბალია (დაახლოებით 30 პროცენტი), რაც მიუთითებს, რომ საქართველოში კონტაქტების მოძიება ამ დროისთვის კვლავ ეფექტურად მუშაობს.

ეს შედეგი ტესტირების მაღალ მაჩვენებელსაც უკავშირდება, რომელიც კონტაქტების ეფექტური კვლევის უმთავრესი კომპონენტია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ტესტირების მონაცემების მიხედვით, ვირუსის დადასტურების მაჩვენებელი სტაბილურად 3 პროცენტს ქვემოთ რჩება.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თუ ამჟამინდელი აფეთქების სწრაფად შეკავებას მოახერხებენ, ეჭვგარეშეა რომ მთავრობას დასაყრდენი მიეცემა. ეს დაადასტურებს, რომ გაზაფხულზე გატარებულმა მკაცრმა ზომებმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ქვეყანაში დროის მოგებისა და ეფექტური საპასუხო მოქმედებების განვითარების საშუალება მისცა, გადაარჩინა უამრავი სიცოცხლე და ინტენსიური შეზღუდვების გარეშე ეპიდემიის შემდგომი კონტროლისკენ გაუკვალა გზა.

თუმცა, თუ ეპიდემია კონტროლს აღარ დაექვემდებარება, უფრო და უფრო მკაფიოდ გაიჟღერებს შეხედულებები, რომლებიც მთავრობას ვირუსზე გამარჯვების ნაადრევ ზეიმსა და მომდევნო ტალღასთან შესახვედრად მოუმზადებლად ყოფნაში ადანაშაულებენ – ამ შემთხვევაში კი გრიპის სეზონზე გამოჩენილ ვირუსის ახალ ტალღას თან მეტი შეზღუდვები, მეტი ეკონომიკური სიდუხჭირე და საზოგადოების მზარდი გულისწყრომა მოჰყვება.


ქვეყანათა ჯგუფებისთვის 14 დღის შუალედში კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი. წითელი ხაზით აღნიშნულია საქართველო, ხოლო მწვანე არე შეესაბამება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ „მწვანე ზონას“. შენიშვნა: ბოლო ორი გრაფიკი განსხვავებული მასშტაბითაა წარმოდგენილი. [დაუმუშავებელ მონაცემთა წყარო იგივეა, რაც პირველ დიაგრამაში].

ტექსტი თარგმნილია ინგლისურიდან სალომე ჩხაიძის მიერ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.